არჩილ ბერიძე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც

არჩილ ბერიძე

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, სამგლოვიარო დღეებში, ვიხილეთ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე. ვიხილეთ არა მხოლოდ გლოვა, არამედ ერთობა, თანაგრძნობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა. მინდა გამოვყო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების დამოკიდებულება. ჩვენი მუსლიმი ძმების სამაგალითო ჟესტი, მათი გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა, კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. საქართველო არის ღირებულება. საქართველო არის ადგილი, სადაც განსხვავებული მრწამსის მიუხედავად, სიყვარული ყოველთვის გვაერთიანებს. ჩვენი ძალა არა განსხვავებებში, არამედ სწორედ ამ განსხვავებების პატივისცემაშია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს გვმართებს ეს ერთობა შევინარჩუნოთ არა მხოლოდ განსაცდელისას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ერი, რომელიც ერთმანეთის რწმენას სცემს პატივს, ყოველთვის ძლიერია. სწორედ ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ბრძანა პატრიარქმა. ეს არის ის ღირებულებითი სამეული, რომელსაც ემყარება ჩვენი პოლიტიკაც.

ქვეყანამ არაერთხელ დაიცვა სარწმუნოება და ეკლესია იმ პერიოდებში, როდესაც მისი შერყევის მცდელობები იყო. ქვეყანამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან არიდება, რაც გონივრულ და პასუხისმგებლობიან სახელმწიფო პოლიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგია.

ეს არის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ჩვენს ისტორიას და ტრადიციას, იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიარა არა მხოლოდ ხმლითა და ფარით, არამედ გონივრული პოლიტიკით, გამოცდილებით და მომავლის ხედვით. ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს რწმენას, სახელმწიფოებრიობას და ადამიანის ღირსებას. სწორედ ამ გზაზე დგას საქართველო დღესაც“, - განაცხადა ბერიძემ.