„ასეთი ადამიანი ზიანს აყენებს ოჯახის წევრებსაც“ - რატომაა ზედმეტი შრომა და ოჯახზე წინ სამსახურის დაყენება საზიანო - სპეციალისტის საყურადღებო რჩევა

მუშაობა

პიროვნული ზრდის ტრენერი ნუგზარ ძიძიგური გადაცემაში „ახალი დღე“ საუბრობს იმ ზიანზე, რომელსაც ზედმეტი შრომა და სამუშაოს გადაჭარბებული დატვირთვა იწვევს როგორც თავად ადამიანისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის.

მისი თქმით, შრომა აუცილებელი და სასარგებლოა, თუმცა გადაჭარბებულმა დატვირთვამ შესაძლოა სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. პირველ რიგში, ზიანდება ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა — იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკი.

ნუგზარ ძიძიგური აღნიშნავს, რომ ვორკოჰოლიზმი მხოლოდ ინდივიდს არ აზიანებს — ის გავლენას ახდენს მის გარემოზეც, განსაკუთრებით კი ოჯახზე. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს ხშირად არ აქვთ სრულფასოვანი ემოციური კავშირი ოჯახის წევრებთან.

„ხშირია შემთხვევა, როდესაც ვორკოჰოლიკი სახლში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას — ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას, პასუხობს სამუშაო საკითხებს. ასეთ დროს ადამიანი ფიზიკურად ოჯახთანაა, მაგრამ შინაგანად ისევ სამსახურში რჩება,“ — განმარტავს ის.

ტრენერის თქმით, ეს განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს ბავშვებზე. ისინი აღიქვამენ, რომ მშობელი მათთან თითქოს არის, თუმცა რეალურად — არა. ეს კი იწვევს შფოთვას, მარტოობის განცდას და დროთა განმავლობაში ემოციური პრობლემების ჩამოყალიბებას.

ნუგზარ ძიძიგური ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ასეთ შემთხვევაში ემოციური კავშირის ნაკლებობაა, რაც ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებს სერიოზულად აზიანებს.