ამირან სალუქვაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია შეუერთდება „ნაცმოძრაობას“ და ვინ გადავა „ახალ ნაციონალურ მოძრაობაში“, ამ შესაკრებთა გადაადგილებებით პროცენტები არ იცვლება

ამირან სალუქვაძე

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია შეუერთდება „ნაცმოძრაობას“ და ვინ გადავა „ახალ ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ შესაკრებთა გადაადგილებებით პროცენტები არ იცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

მან ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 8 ივლისის თარიღის დათქმა გვარამიას მხრიდან ოპოზიციურ სპექტრზე ზეწოლა იყო.

„ძალიან ცოტა დღე დარჩა სავაჭროდ, მათ აქვთ თავისი შიდა კვლევები. გუშინ ნიკა გვარამიამ გაახმოვანა, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ახალი“, დავარქვათ „ახალი ნაციონალური მოძრაობა“, ლახავენ ბარიერსო. იგულისხმა ოპოზიცია და პროცენტები ვერც კი თქვა. ეს ორი პარტია, შეგვიძლია, აღვიქვათ, როგორც „ნაცმოძრაობის“ საერთო ხმები, რადგან მელიას და გვარამიას მიაქვთ „ნაცმოძრაობის“ საერთო ხმები. გვარამიამ თვითონვე გაახმოვანა ის, რაც იციან ძალიან კარგად, რომ სხვა ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს.

8 ივლისამდე ორი დღე არის დარჩენილი და ეს იყო ზეწოლა ერთის მხრივ ნიკა გვარამიას მხრიდან, რომ დროზე ჩამოყალიბდით, თორემ 8-ში დაიკეტება თქვენთვის კარი. პირდაპირ უთხრა იმ პოლიტიკურ სუბიექტებს და იმ ე.წ. პოლიტიკოსებს, რომლებთან ერთადაც იყვნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და აწყობდნენ თუნდაც, ბოლო რამდენიმე თვის პოლიტიკურ ბატალიებს. ამ ხალხს ასე ელაპარაკებიან. მე ამიტომ დავარქვი „ნაცმოძრაობას“ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მღრღნელები. როცა დასჭირდებათ, შეყრიან რომელიმე ფანჩატურში, შალვა ნათელაშვილთან იქნება თუ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში და როცა დასჭირდებათ, ასე გამოაპანღურებენ ხოლმე, ასეთი ცინიზმით და ირონიით ესაუბრებიან.

დღეს მათი რაიმე გადაადგილებების და სტრატეგიული ცვლილებების დრო არ აქვთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია შეუერთდება „ნაცმოძრაობას“ და ვინ გადავა „ახალ ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ შესაკრებთა გადაადგილებებით პროცენტები არ იცვლება“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.