1734978582
ალექსანდრე წულაძე: ჩემი თხოვნა იქნება ყველა მასწავლებლისა თუ ლექტორისადმი, რომ მათ არ შეუწყონ ხელი პოლიტიკის შეტანას აუდიტორიებში
ჩემი თხოვნა იქნება ყველა მასწავლებლისა თუ ლექტორისადმი, რომ მათ არ შეუწყონ ხელი პოლიტიკის შეტანას აუდიტორიებში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთხელ სურს დააფიქსიროს პატივისცემა ყველა სტუდენტის, პროფესორისა და მასწავლებლის მიმართ.
„რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანს, ყველა მოქალაქეს გვაქვს უფლება გამოვხატოთ საკუთარი მოსაზრება საზოგადოებისთვის მისაღები ფორმით ისე, რომ არ ხელვყოთ სხვათა უფლება. ამავე დროს, ჩვენი, როგორც განათლების სამინისტროს მესვეურებისთვის, მათ შორის, აკადემიური სივრცის, აკადემიური წრის მესვეურთათვის, ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველყოთ ის, რომ სასწავლი სივრცე, აკადემიური სივრცე არ იყოს პოლიტიზებული და დაცლილი იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან როგორც წამოსული სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება ყველა მასწავლებლისა თუ ლექტორისადმი, რომ მათ არ შეუწყონ ხელი პოლიტიკის შეტანას აუდიტორიებში. სხვადასხვა დროს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას და მის წევრებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე მოვლენების თაობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორს, სამს ან ათ სტუდენტს შეუძლია მეორე მხრივ სხვა იმავე რაოდენობის ან თუნდა უფრო მეტ სტუდენტებს ხელი შეუშალონ განათლების მიღებაში და არ მიიღონ ის მომსახურება, რომელსაც ისინი ელიან. ვგულისხმობ, სასწავლო დაწესებულებებიდან, ვინაიდან, სასწავლო დაწესებულებებთან მათ და ჩვენ გვიდევს სწორედ აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება. ამის გამოა, რომ როგორც სტუდენტები, ისე სახელმწიფო, აფინანსებს მათ ფუნქციონირებას, ამ პროცესს. ჩვენი მოწოდებაც იყო, რომ ამ მიზნით მიღებული დაფინანსების და ამ მიზნით მიღებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შემდეგ მათ მოეხდინათ ზუსტად პროგრამების იმგვარად წარმართვა, როგორის ეს არის შეთანხმებული, დამტკიცებული ჩვენ მიერ“, -აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.