საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
1767011337
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეკა გიგაური სამართალდამრღვევად ცნო. საუბარია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თეონა გუდაბანძის საჩივარზე, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის მხრიდან, მისი პერსონალური მონაცემების დარღვევას ეხებოდა.
უწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერს, რომ ეკა გიგაურმა დაარღვია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის 67-ე მუხლი და მას დაევალა Facebook-ზე 30 სექტემბერს განთავსებული პოსტის წაშლა, რომელიც გუდაბანძის პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა.
"პერსონალური დაცვის სააგენტოს მხრიდან გადაწყვეტილება ჩემს სასიკეთოდ იქნა მიღებული და ობიექტურია. ველოდები ეკა გიგაურის ნაბიჯებს და მაინტერესებს, აიღებს თუ არა იმ პოსტს, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია უდევს. ვფიქრობ, ის უარყოფს პერსონალური დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას და არ აიღებს პოსტს," - აცხადებს თეონა გუდაბანძე.
"რუსთავი 2-ის" ვებგვერდის ხელმძღვანელის, თამარ ლეფსვერიძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, არამედ მიზანმიმართულ ბულინგს.
"მართალია, ეს გადაწყვეტილება დროში საკმაოდ გაიწელა მაგრამ, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია, რომ გადაწყვეტილება არის ასეთი და არის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის სასარგებლოდ. ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ნამდვილად ჰქონდა ადგილი არა მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას, არამედ ეკა გიგაურის მხრიდან მიზანმიმართულად განთავსებულ პოსტზე, სხვა სუბიექტების მხრიდან განვრცობად ბულინგს, რომელზეც მას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ადამიანს, რომელიც თავს უფლებადამცველად მოიხსენიებს, ერთხელაც არ მოუწოდებია, წაეშალათ ის დამამცირებელი და ცინიკური კომენტარები, რომელიც მის მიერ განთავსებულ "სქრინს" მოჰყვა," - განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.