ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ვხედავთ, უნდა შეჩერდეს - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

"ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსები, როგორც დიდ ქვეყნებს და არ შეგვიძლია ისეთი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა უკრაინისთვის, ან სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებს უფრო ძლიერად აქვთ, თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, ზომის და შესაძლებლობების მიუხედავად, გვაქვს იმავე წონის ერთი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პლატფორმებზე და სწორედ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა, შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც კვლავ უკრაინაში ხართ, გისურვებთ გამძლეობას. იმ აგრესიას, რომელიც წარმოებს რუსეთის მხრიდან, სხვა განზომილებებთან ერთად, აქვს ადამიანური ტრაგედიის განზომილება. თანამედროვე მედიის საშუალებით, ეს ტრაგედიები პირდაპირ ჩვენს ოჯახებში შემოდის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში, რომელსაც რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ქვეყანა არ დაუტოვებია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად დგამს.

„მტკიცე და ცალსახაა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ყველა სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, შეიძლება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ფინანსური რესურსები, როგორც დიდ ქვეყნებს და არ შეგვიძლია ისეთი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა უკრაინისთვის. ან სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებს უფრო ძლიერად აქვთ, თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, ზომის და შესაძლებლობების მიუხედავად, გვაქვს ზუსტად იგივე წონის ერთი ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პლატფორმებზე და სწორედ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნა მან. შალვა პაპუაშვილის თქმით, დავით სერგეენკოს და დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტი აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას და გაგზავნას უკრაინაში. მისივე განცხადებით, საქართველო დახმარებას უწევს ომის გამო, ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა არსებული ვითარების გამო, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სამხედრო კონფლიქტის პრევენციისთვის.

„ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ზრდის რისკებს რეგიონში. საქართველო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ფრონტის წინა ხაზზეა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი არის სწორედ ფრონტის ხაზი და ამ მხრივ რისკები დიდია, რომ სამხედრო დაპირისპირება შეიძლება, საქართველოშიც იყოს. ამ კუთხით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამორიცხოს ჩვენს ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის დაწყება. აქედან გამომდინარე, არის ბევრი ნაიჯი, რომელიც პრევენციას ემსახურება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ ერს და უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„ეს ომი, რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს. ადამიანური ტრაგედიები, რომლებსაც 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ვხედავთ, უნდა შეჩერდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უკრაინაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.