ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსის“ ახალ რედაქციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარგენილი ორგანული კანონის პროექტი – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, თანმდევ პროექტებთან ერთად.

ახალი „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის თანახმად:

იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება;

ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები;

დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე;

საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტებისა და პოტენციური კადრების მოძიების პროცესის წახალისების მიზნით იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები;

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში, ამასთან, ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა;

იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა, რომლის შედეგად, ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა;

საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე;

საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი;

კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები;

დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას;

მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები;

იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 2011 წელს მიიღეს და მასში 100-მდე ცვლილებაა შესული.

„2011 წლიდან დღემდე გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რამაც არჩევნებთან დაკავშირებით დამატებითი პრაქტიკა და გამოცდილება მოგვცა. აქედან გამომდინარე, დადგა საკითხი, რომ კოდექსის ცალკეული ნორმები დაიხვეწოს და მოხდეს ერთგვაროვანი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ერთ სივრცეში გაერთიანება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.