აჩიკო ბერიძე: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აჰყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან

აჩიკო ბერიძე

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აჰყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან, რომელთაც სურდათ საქართველო ჩართულიყო რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აჩიკო ბერიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე.

მისივე თქმით, დღეს, კიდევ უფრო ნათელია თუ როგორი დამანგრეველი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა „მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნას“ და სხვა მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს.

„ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას — თუ, რამ გადაარჩინა საქართველო? რამ მოგვიყვანა დღემდე? როგორ გაუძლო ამ პატარა ერმა საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქარტეხილს, შემოტევას, ომსა და ზეწოლას? როგორ მოახერხა საქართველომ, რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან გაქრა მრავალი, დიდი თუ პატარა, სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში. ჩვენს დედა ეკლესიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა და აერთიანებს ქართველ ერს. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაზე მძიმე პერიოდებში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას.

სწორედ, ამ ისტორიული გამოცდილების გაგრძელებაა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდი ახორციელებს მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას უმძიმესი გეოპოლიტიკური რყევების წინაშე, როდესაც საერთაშორისო სამართალი ფაქტობრივად გაუქმებულია, როდესაც დემოკრატიის იდეა ჩანაცვლებულია ძალის პრინციპით — ვისაც მეტი ძალა აქვს, ის წყვეტს ყველაფერს — ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ყველაზე მთავარი: შეინარჩუნა მშვიდობა!

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ცა ყოფილიყო მშვიდი, რომ ქვეყანა არ აჰყოლოდა იმ პროვოკაციებს, რომლებიც მოდიოდა როგორც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან, ასევე შიდა ძალებისგან, რომელთაც სურდათ საქართველო ჩართულიყო რუსეთ–უკრაინის კონფლიქტში. ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად ძვირი შეიძლებოდა დაჯდომოდა ჩვენს ქვეყანას ერთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი.

დღეს, კიდევ უფრო ნათელია თუ როგორი დამანგრეველი შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა „მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნას“ და სხვა მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს, განსაკუთრებით იმის ფონზე თუ როგორ გაწირეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. და ამ დროს, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა ნატოს წევრ ქვეყანას ტერიტორიული ანექსიით ემუქრება, — ჩვენთან რადიკალური ძალები ქვეყნის შიგნით და მათი დამკვეთები ქვეყნის გარედან კვლავ აქტიურად ცდილობენ, რამენაირად შემოიტანონ დესტაბილიზაცია, ქაოსი, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და საქართველო, დაუნდობელი, გეოპოლიტიკური დაპირისპირების თანამონაწილედ აქციონ.

ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოს, რომელსაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება შიდა ერთიანობა და პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში.

მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის. ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის. ომის ნაცვლად — ინვესტიციები. ქაოსის ნაცვლად — სტაბილურობა. ნგრევის ნაცვლად — განვითარება. დღეს საქართველო ირჩევს მშვიდობას — ეს არის სიძლიერე და არა სისუსტე.

დღეს საქართველო ირჩევს განვითარებას —ეს არის გონიერება და არა შიში. დღეს საქართველო ირჩევს საკუთარ ინტერესს — და არა სხვის დაკვეთას. დღეს საქართველო ირჩევს სიცოცხლეს — და არა მსხვერპლად შეწირვას.

დღეს, ქვეყანაში, წამყვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიციები, მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა კორუფციისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, აქტიურ ეტაპზეა განათლების რეფორმა, მუდმივად იზრდება ხელფასები, იხვეწება და ძლიერდება სოციალური პოლიტიკა, დაწყებულია საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირების აქტიური ეტაპი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყვეალფერს ვახორციელებთ მუდმივი თავდასხმების ფონზე. მჯერა, რომ ჩვენი სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძლებთ საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილის, ისტორიული როლის დაბრუნებას, და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. მჯერა, რომ ეს პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ გაბრწყინების დასაწყისი — ძლიერი, თანამედროვე, მშვიდობიანი საქართველოსი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა“, - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.