1731614151
17 კომპანია, მიწის ნაკვეთები, ბინები - გიული ალასანიას ქონება 135 მილიონ ლარად არის შეფასებული
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ქონება 135 მილიონ ლარად არის შეფასებული. მონაცემებს ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა.
გიული ალასანიას სახელზე საქართველოში 17 რეგისტრირებული კომპანიაა, რომელთა დირექტორიც და დამფუძნებელიც თავად არის.
ექსპრეზიდენტის დედა ოფიციალური მილიონერია.
ალასანია ფლობს მიწის ნაკვეთს და შენობას კახეთის გზატკეცილზე, რომლის საბაზრო ღირებულება 32 მილიონ ლარს აჭარბებს.
ასევე მის საკუთრებაშია 5 ბინა თბილისსა და ბათუმში, 5 მიწის ნაკვეთი თბილისში, ყვარელსა და ოზურგეთში, რაც ჯამში 4 მილიონ ლარად არის შეფასებული.
„ყველაფერი რაც მაქვს, არის მშობლებისგან, ბებიებისგან და ბაბუებისგან დატოვებული. მე თვითონ არაფერი შემიძენია პრაქტიკულად“, - ამბობს გიული ალასანია.
იგი 17 კომპანიის მფლობელია, რომელთა საბაზრო კაპიტალი 73 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი მაიამიში ნახევარ მილიონად შეფასებული აპარტამენტების მფლობელია. გარდა ამისა, მის მფლობელობაშია ორი უძრავი ქონება ნიუ-იორკში.
ექსპრეზიდენტი ფლობს პენტჰაუსს კიევის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ასევე ბინა აქვს ოდესის ცენტრში და საცხოვრებელი სახლი კიევის მახლობლად, რომელიც მისი თქმით, დედამ აჩუქა.