ზელენსკის 7 მოთხოვნა ევროკავშირს -„ეს საკმარისი არ იყო...“

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, აგრესორი ქვეყანა შეაჩერონ.

„დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო...

ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო შორს წავა. აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები“:

  • გამორთეთ SWIFT-დან;
  • დააწესეთ ემბარგო ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე;
  • დაეხმარეთ უკრაინის არმიას იარაღით და საბრძოლო მასალით;
  • მხარი დაუჭირეთ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებს.

ჩვენი ხალხი იღუპება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. დიდი ხანი ვიცადეთ ღია კართან. ვითხოვდით ნატო-ში გაწევრიანებას - პასუხები ვერ მოვისმინეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება:

  • საერთაშორისო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები;
  • მკაფიო ევროპული პერსპექტივა;
  • სწრაფი და კონკრეტული ქმედებები“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუსეთის ქმედებები 1941 წელს შეადარა.

„დღეს ღამით დაიწყეს გმირი ქალაქის - კიევის საცხოვრებელი უბნების დაბომბვა, ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქეს, ვინც გამოდის საპროტესტო აქციაზე, მინდა ვუთხრა - ჩვენ თქვენ გხედავთ.  იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“.

ბოლო მონაცემებიით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 24 თებერვალს 57 ადამიანი დაიღუპა და  169 დაიჭრა.

ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განმარტებით, ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის პროფილის შეცვლა უწევთ. საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, შედარებით მსუბუქი პაციენტების საავადმყოფოებიდან გაწერა მოხდა, რათა ადგილები დაჭრილებისთვის გათავისუფლდეს.

სხვა სიახლეები