ზელენსკი: ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტი

ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესტონეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დეპორტირებული უკრაინელების გადაყვანას რუსეთის ფედერაციის შორეულ რეგიონებში, ართმევენ მათ საბუთებს, პირად ნივთებს, მათ შორის მობილურ ტელეფონებს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები უკრაინელ ბავშვებს მშობლებს აშორებენ და აპირებენ მათი უკანონო შვილად აყვანის მიზნით გადაყვანას რუსულ ოჯახებში.

ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებენ იძულებითი დეპორტაციას და უკრაინელებს სახლებში დააბრუნებენ.