ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო და უკრაინის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულების მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ხომალდის დატვირთვა მეტყველებს იმაზე, რომ პორტი ამუშავდა.

„ჩვენ მზად ვართ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან სიგნალებს ტრანსპორტირების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტორად. ვიდრე ვიღაც შავი ზღვის დაბლოკვით ართმევს სიცოცხლეს სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ ვაძლევთ მათ გადარჩენის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ოდესაში უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები ჩავიდნენ.

ცნობისთვის,  22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.