ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებაზე

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

„ასეთი პრაქტიკა არსებობს და, პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა გაერო-ს ეგიდით შეერთებულ შტატებთან, ევროპულ ქვეყნებთან, რასაკვირველია, ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა, რათა იქ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს ქმედითუნარიანი, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შემდეგ უკვე მათთან დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ხელი მოეწეროს ლეგიტიმურ დოკუმენტებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და რომლებიც იქნება სანდო და სტაბილური“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ახლა არალეგიტიმურია უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.

„ისინი დღეს ნამდვილად არ არიან ლეგიტიმურები უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. იქ არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. არადა, კონსტიტუცია ისეა შემუშავებული, რომ ყველას ნიშნავს პრეზიდენტი, მათ შორის რეგიონულ ხელისუფლებას. თუ ის თვითონ არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა სხვაც არალეგიტიმურია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვისთან უნდა მოეწეროს ხელი გარკვეულ დოკუმენტებს და ჯერაც არ არის ნათელი, რა ძალაუფლება აქვთ მათ, რადგან ხვალ სხვა ლიდერები ეყოლებათ, რომლებიც არჩევნების გზით მოვლენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია.

„ჩვენ არ ვიყავით საომარი მოქმედებების დაწყების ავტორები და ინიციატორები. ეს დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირეს დასავლეთის ქვეყნებმა. ამას კი შემდეგ, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მოჰყვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.