VIDEO: ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი - 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო

მარიამი

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება და ყბა-სახის ურთულესი ოპერაციის უნიკალური შედეგი - 16 წლის მარიამ კოხრეიძე ამ დღის შემდეგ მთელმა საქართველომ გაიცნო და ამ პატარა გოგოს გულშემატკივარი გახდა. ყბა-სახის ოპერაცია, რომელიც უნიკალური შედეგით დასრულდა, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მარიამს ყბის სახსრის ანკილოზის დიაგნოზი დაუდგინდა. ექიმებმა, პირველ ეტაპზე, ყბა გახსნეს, შემდეგ კი ყბის სახსრის პროთეზი ჩაუდგეს.

მარიამი სტამბოლში დედასთან და ახლობლებთან ერთად გაემგზავრა.

უნიკალური ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, დედამ "კურიერი P.S.-თან" ის ემოციები გაიხსენა, როცა საოპერაციო ოთახიდან გამოყვანილი შვილი დაინახა.

ჯანმრთელობის პრობლემები მარიამს 6 წლის ასაკში დაეწყო, როცა, მოულოდნელად, ყბის განვითარება შეფერხდა. მდგომარეობა დროდადრო იმდენად გართულდა, რომ მას ბოლო წლებში საკვების მიღებაც კი უჭირდა. მარიამს 4 დედმამიშვილი ჰყავს. მამა რამდენიმე თვის წინ გარდაეცვალა. ოჯახში რთულ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც ამძიმებდა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთხელაც ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა სოციალურ ქსელში მარიამის შესახებ დაწერა. მისი ფოტო მედეა იობაშვილმა, რომელიც სტამბოლის კლინიკაში თარჯიმნად მუშაობს, შემთხვევით ნახა და თურქ ექიმს დაუკავშირდა. მარიამის დასახმარებლად, ყველა გაერთიანდა და საჭირო თანხაც მალე შეგროვდა.

ოპერაცია, ალთან ვაროლიმ ჩაატარა. ქირურგმა, რომელმაც საკუთარ ჰონორარზეც უარი თქვა. თურქი ექიმი "კურიერი P.S.-ს" უყვება, რომ 7-საათიანი ოპერაცია იყო რთული, რადგან საოპერაციო ოთახში ნებისმიერი ტიპის გართულების რისკს ხედავდა.

ანაზღაურებაზე უარის თქმის შემდეგ, ალთან ვაროლიმ ქართველების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ეს ამბავი ახარებს თავადაც. ექიმს რთული ოპერაციის შემდეგ მარიამისთვის აქვს განსაკუთრებული სურვილებიც.

ამ ოპერაციამ, ალთან ვაროლი საქართველოში არანაკლებ პოპულარული გახადა.

დაიბადა ბულგარეთში, მოგვიანებით კი თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წლიდან მუშაობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ალთან ვაროლიმ მარიამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელებშიც გააზიარა და ფოტოები გამოაქვეყნა.

მარიამს უნდა, რომ სტომატოლოგი გახდეს და ადამიანებს თვითონაც დაეხმაროს. უყვარს კითხვა და სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. ბაუ ბაჰჩეშეჰირ უნივერსიტეტის დირექტორს, ჰიკმეთ ილდიმირს სურვილი აქვს, მარიამის სწავლის სრულად დააფინანსოს. მოინახულა კლინიკაშიც და საჩუქრებიც მიუტანა.

სარკე, რომელსაც ერთ დროს გაურბოდა, ახლა მარიამის ყოველდღიურობად იქცა.

კლინიკიდან გაწერეს და ახლა უკვე რეაბილიტაციის კურსს გადის. რთული ოპერაციის შემდეგ, საუბარსაც ახერხებს და დროდადრო ცეკვასაც.

ვრცლად ↓