დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება - სამხედროები მზად არიან უფრო დიდი პროვოკაციებისთვის და იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ - „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

„აზოვის“ მეთაურის მოადგილე

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია: სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება.

„დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, - აღნიშნა პალამარმა.

მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრების შესაგროვებლად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვება. ეს მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარის შეთანხმებას დაღუპულთა ცხედრების შეგროვებაზე. გარეთ უკვე თბილა. სხეულები იწყებენ გახრწნას და ყველაფრის მოწამვლას“, - აღნიშნა პოლკის მეთაურის მოადგილემ.

ამასთან, პალამარი არ გამორიცხავს, რომ „აზოვსტალიდან“ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის შემდეგ რუსეთი თავდასხმებს გააძლიერებს. მისი თქმით, მხოლოდ ღამის განმავლობაში თვითმფრინავების 25 გადაფრენა დათვალეს, რომლებმაც ბომბები ჩამოყარეს.

„სამხედროები მზად არიან კიდევ უფრო დიდი პროვოკაციებისთვის და იბრძოლებენ მანამ, ვიდრე ამის ძალა ექნებათ,“- აღნიშნა "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ.