VIDEO: „ყველა დაღუპულის ცხედარი დაიკრძალება გმირულად იმ ადგილზე, რომელსაც ანდერძში მიუთითებთ“ - პრიგოჟინი პატიმრებს ომში იწვევს და წესებს უხსნის

მობილიზაცია

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელი პირები შევიდნენ და  პატიმრებს ომში წასვილისკენ მოუწოდეს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი პირები იმყოფებიან (მკვლელები, ნარკომოვაჭრეები), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ საომრად წავიდნენ. 

„კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენელი ვარ. გაგონილი გექნებათ „ვაგნერი“. ომი მძიმეა, ჩეჩნეთის ომთან ახლოსაც ვერ მოვა. საბრძოლო მასალების გახარჯვა 2,5-ჯერ მეტი მაქვს, ვიდრე სტალინგრადში. 

პირველი ცოდვა - დეზეტრტირობაა. არავინ უნდა დაიხიოს უკან, არავინ უნდა დათმოს პოზიციები, არავინ უნდა ჩაბარდეს ტყვედ. 

როცა წვრთნებს გაივლით, გეტყვიან, რა უნდა გააკეთოთ, თუ ტყვედ ჩავარდებით. გეტყვიან იმ ორი ყუმბარის შესახებ, რომლებიც თან უნდა გქონდეთ. 

მეორე ცოდვა ალკოჰოლი და ნარკოტიკია, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. 6 თვის განმავლობაში, სანამ ჩვენთან იქნებით, იქნებით საომარი მოქმედებების ზონაში. 

მესამე ცოდვა - მაროდიორობა და სექსუალური ხასიათის ძალადობაა ადგილობრივ ქალებთან, ბავშვებთან, მამაკაცებთან, ფლორასთან და ფაუნასთან.  

პატიმრის მინიმალური ასაკი, ვისაც ომში წავიყვანთ, არის 22 წელი. თუ უფრო ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, სჭირდება ქაღალდზე დაწერილი თანხმობა, ოჯახის მხრიდან. მაქსიმალური ასაკი პირობითად 50 წელია, მაგრამ თუ კარგ ფიზიკურ ფორმაშია, აქვე გასაუბრებაზე მივხვდებით და შესაძლოა, 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებიც ავიყვანოთ. ჩავუტარებთ ელემენტარულ ტესტს და ვნახავთ, რამდენად ძლიერია. 

პირველი 40 პატიმარი ჩემთან ერთად იბრძოდა უგლედარსკის შეტაკებაში, პირველ ივნისს. ისინი რეციდვისტები იყვნენ, მკაცრი რეჟიმის კოლონიებიდან. 40 ადამიანი შევიდა მოწინააღმდეგის სანგრებში, დანებით გათხარეს, მათგან 3 დაიღუპა, 7 დაიჭრა. მოკლულიდან ერთ-ერთი 52 წლის იყო, 30 წელი ჰქონდა გატარებული საპატიმროში და დაიღუპა გმირულად. 

ჩვენ ყურადღებით ვეპყრობით იმათ, ვინც სასჯელს იხდის 228-ე მუხლით. მიუხედავად იმისა, დამოკიდებული იყო თუ არა ნარკოტიკზე. თუ გაქვთ შეკითხვები, ვიტოვებთ უფლებას, ვიდრე თქვენს წასაყვანად ვემზადებით, ჩავატაროთ გამოკითხვა სიცრუის დეტექტორზე და გავარკვიოთ, რამდენად მდგრადია ადამიანის ფსიქიკა. ძალიან ფრთხილად ვუდგებით ადამიანებს, რომლებიც სექსუალური ბრალდბებებით იხდიან სასჯელს. გვესმის, რომ შეცდომებიც ხდება. ვინ გვჭირდება ჩვენ? ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შეტევაზე გადამსვლელები. 

ჩემი ბიჭების 60% შტურმზე გადამსვლელები არიან და თქვენც იქნებით ერთი მათგანი. ჩვენგან განსხვავებული არაფრით იქნებით. ზუსტად ისევე მოგეპყრობიან, როგორც დანარჩენებს და ხანდახან - უფრო ლოიალურადაც, ვიდრე მათ, ვინც უკვე წლებია, ჩემთან ერთად იბრძვის და გაიარეს ათობით ომი. 

ჩვენს ნაწილს ჰყავს სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები, ტანკები, ყველაფერი, რაც საჭიროა ეფექტიანი შტურმისთვის. ვინც წინ მიიწევს, ვინც ყველაზე მარდია, ისინი გადარჩებიან. ვინც უკან იხევს და არ იცის, როგორ მოიქცეს, ცხადია, ისინი ხვდებიან არეულობაში. 

იმის შემდეგ, რაც მე ლაპარაკს დავასრულებ, გაივლით გასაუბრებას. 

ყველა დაღუპულის ცხედარი დაიკრძალება იმ ადგილზე, რომელსაც ანდერძში მიუთითებთ. ყველა დაიკრძალება გმირების ხეივანში იმ ქალაქებში, რომელსაც თავად მიუთითებთ. ვინც ვერ გადაწყვეტთ, სად დაგასაფლაოთ, „ვაგნერის“ კოშკთან იქნებით დაკრძალული. 

ნახევარი წლის შემდეგ მიიღებთ შეწყალებას და მიდიხართ სახლში. ვისაც ჩვენთან ენდომება დარჩენა, დარჩება. ზონაში დაბრუნების შანსი აღარ გექნებათ. ვინც პირველივე დღეს იტყვის, რომ იქ არ მოხვდა, სადაც ეგონა, რომ მოხვდებოდა, ჩვენ ვაღიარებთ დეზერტირად და ამას მოჰყვება დახვრეტა. 

გეგულებათ ვინმე, ვინც 10-წლიანი სასჯელებით ზონიდან ცოცხალს გაგიყვანთ?  ასეთი არის მხოლოდ ორი - უფალი და ალაჰი. მე კი ცოცხლები მიმყავხართ, მაგრამ ყოველთვის ცოცხლებს ვერ ვაბრუნებ. 

გადაწყვეტილების მისაღებად გაქვთ 5 წუთი“.   

როგორც ერთ-ერთი უკრაინული არხი იუწყება, ადამიანი, რომელიც პარიმრებს აგიტაციას უტარებს, არის ევგენი  პრიგოჟინი (დაიბადა 1961 წლის 1 ივნისს). ის არის რუსი ოლიგარქი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც აკონტროლებს კომპანიების ქსელს, მათ შორის - ვაგნერ ჯგუფის, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დაქირავებული ჯგუფია.

მონაწილეობს სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ასევე პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მის დაზვერვის დეპარტამენტთან, GRU-სთან.

პრიგოჟინის ერთ-ერთი კომპანია ეწეოდა რუსეთში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც მან მიიღო მეტსახელი პუტინის მზარეული.

Delovoy Petersburg-ის გამოცემამ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში ევგენი პრიგოჟინი 72-ე ადგილზე დააყენა, მისი ქონება 14,6 მილიარდ რუბლად შეაფასა. 2016 წელს ის მოხვდა სანქტ-პეტერბურგის 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.