VIDEO: რუსეთის მასიური თავდასხმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე - ომის 229-ე დღე

უკრაინა

ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. თავდასხმების სერიის შესახებ უკრაინული მედია წერს.

სარაკეტო შეტევა კიევზე

დედაქალაქის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ კიევში სამი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ უბანზე ასევე გავრცელდა ფოტოები და ვიდეო კვამლით. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა შევჩენკოს რაიონში მომხდარი აფეთქებები.

მოგვიანებით კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესმდივანმა მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„კიევში სხვადასხვა ადგილას რამდენიმე დარტყმის შედეგად არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კიევში მომხდარი შემთხვევის ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს სერიოზული ხანძარი - იწვის მანქანები.

კიევზე თავდასხმის მომენტი პირდაპირ ეთერში BBC-მაც გაავრცელა.

ჟურნალისტების ცნობით, კიევს ორი რაკეტა მოხვდა - ერთი მათგანი ვოლოდიმირსკის ქუჩაზე ხრუშევსკის ძეგლთან დაეცა.

აფეთქებების გამო კიევის ყველა მეტროსადგური თავშესაფრად მუშაობს. წითელ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

აფეთქებებია დნეპერშიც. ქალაქიდან კვამლი ამოდის. საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ხუთი აფეთქება ისმოდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია რაკეტის გარეუბანში დაცემის შესახებ. ასევე აფეთქებები ჟიტომირისსა და ხმელნიცკის რაიონში.

მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ. 

ნახეთ ვიდეო: კიევში საჰაერო თავდასხმების დროს, ბავშვები თავშესაფარში უკრაინის ჰიმნს მღერიან