VIDEO: რატომ აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მარიუპოლის დებლოკადა შეუძლებელია და რას სთხოვენ მსოფლიოს "აზოველი" მებრძოლების შვილები

azovi

ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი ჯარისკაცები უკანასკნელი ძალებით იბრძვიან. ქარხნის გვირაბებში დაჭრილი სამხედროები ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ. ასობით ჯარისკაცი დაღუპულია, მათი ცხედრები ნანგრევებიდან ვერ გამოაქვთ, დაჭრილთა რაოდენობა კი 600-ს აღწევს. აზოვის პოლკის მეთაური ვერც იმას ადასტურებს, რომ კომბინატის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეები სრულად გაიყვანეს. მებრძოლი ვერ მალავს ვერც წყენას საკუთარი ხელისუფლების მისამართით და მათ უმოქმედობას პოლიტიკურ ცინიზმსაც უწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტი "აზოვის" ბატალიონის მცველებს ღიად ეუბნება, რომ სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია, რადგან უკრაინას შესაბამისი მძიმე იარაღი არ აქვს.

მამების სათქმელი მთელ მსოფლიოს, "აზოვის" მცველების შვილებმა უთხრეს. 11 წლის საშას, 9 წლის ანდრეის, 7 წლის ალისას, 4 წლის მიკიტას თხოვნა ერთადერთია - ვინმემ მათი მამების გადარჩენა შეძლოს.

ალისა 4 წლის არის, დედას ეძებს. ოკუპანტებმა მას მაშინ დააშორეს, როცა რუსულ ტყვიებს მარიუპოლიდან გამოექცა. ორი თვე "აზოვსტალის" ნანგრევებში გაატარა, მერე ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა და დედასთან ერთად მიწისქვეშეთიდან გამოღწევა შეძლო. ზაპოროჟიეში მხოლოდ ალისა ჩავიდა, მისი დედა რუსებმა ერთ-ერთ ე.წ. საფილტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.

ზაპოროჟიე ხსნა დღეს კიდევ 170-ზე მეტი ადამიანისთვის აღმოჩნდა. ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით "აზოვსტალი" და მარიუპოლი ბოლო დღეების განმავლობაში 600-ზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა. ნანახისა და გადატანილის ემოციების გარეშე გახსენება ყველას უჭირს.

ქალაქის ქუჩებში კი პარტიზანული შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალის" ქარხანაზე შეტევა დღესაც განაახლეს. მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ ხიდი, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, მიწასთან გასწორებულ ქალაქში ახლა არავის ეზეიმება, იქ ცხედრებისა და მათთვის მომზადებული საფლავების დათვლაც კი შეუძლებელია. მარიუპოლის მიმდებარე სოფლებში ოკუპანტები სულ უფრო მეტ სამარხს თხრიან, მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის კვალის დასაფარად.

"აზოვსტალში" ორ დღეში რომ შესაძლოა ქიმიური იარაღიც გამოიყენონ, ამის შესახებ საგანგებო მიმართვა რადას დეპუტატმა გაავრცელა. ალექსანდრე ლაშინი მარიუპოლის მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ და გარეთ არ გამოვიდნენ.

კაპიტულაცია რომ არ იქნება - ეს მტერს უკვე უთხრეს "აზოვის" ბატალიონის მებრძოლებმა. გააფრთხილეს, რომ იარაღის დაყრით ოკუპანტებისთვის საჩუქრის გაკეთებასაც არ აპირებენ. ორ თვეზე მეტია იბრძვიან. ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები ნანგრევებიდან უკვე გაიყვანეს, თუმცა არავინ იცის, იქ დარჩენილი დაჭრილი სამხედროები შეძლებენ თუ არა მიწისქვეშეთიდან გამოღწევას.