დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
აფხაზეთიდან დევნილ 40 წლის ალიკა ცაავას, რომელიც გუშინ, ორ ქართველ მებრძოლთან ერთად უკრაინაში დაიღუპა, რამდენიმე დღეში მშობლიურ ქალაქ ჯვარში ჩამოასვენებენ.
მისი ოჯახი - დედა და და-ძმა, დევნილობის შემდეგ წალენჯიხაში, ქალაქ ჯვარში ცხოვრობდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
„ზუგდიდში ცხოვრობს ალიკას მამიდა, ძმაც ზუგდიდშია და აქ დავკრძალავთ", - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
ცაავების ოჯახის ტრაგედია, უკრაინაში არ დაწყებულა. მათი გვარის სამი თაობა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.
მისი ახლობლის, ჟანა ფაცაციას თქმით, ცაავების ოჯახს ბოლო 30 წლის მანძილზე უმძიმესი ტრაგედია გადახდა თავს. ისინი გალის რაიონ სოფელ აჩიგვარადან იყვნენ, ცნობილი რუსთაველის ქუჩიდან.
„ალიკას ბაბუა 60 წლის ჭიჭინ ცაავა, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ სახლი არ დატოვა, 1994 წლის 7 თებერვალს, ძმა მირიანთან ერთად აფხაზებმა და რუსებმა ე.წ. "აჩისტკის" წმენდის დროს საკუთარ სახლში დააბეს, აწამეს და შემდეგ დაწვეს...
ალიკას მამა - ედემ ცაავა, 44 წლის ასაკში 1997 წელს აფხაზებმა სოფელში დახვრიტეს, იგი პარტიზანულ ბრძოლებში იყო ჩაბმული.
„გოჩა დედაჩემმა დაასაფლავა, თავი ღორებმა მოაჭამესო... კოტე ბიძიას ცხვირი და ყურები არ ჰქონდა...რომელი ერთი მეზობლის ტრაგიკული სიკვდილი გავიხსენო“,- ამბობს ჟანა ფაცაცია.
„ღმერთო, უკრაინაში იმ ბუჩას კადრებმა, ჩვენი ქუჩა გამახსენა, ჩვენი აჩიგვარა... უკრაინის ომს ახლა ლაივში უყურებს მთელი მსოფლიო, სად იყო აფხაზეთის ომში ამ ყველაფრის დაფიქსირება...
ტანკის სვირზე ყავდათო წამოცმული ოკუპანტებს ანზორ გაბელიას ცხედარი...რამდენი მეზობელი და დაღუპული ახლობელი გვტკივა",- ამბობს ელისო კეზუა.
ალიკა ცაავას ახლობლების თქმით, სწორედ ეს ტრაგიკული ამბები უძღოდა წინ იმ ფაქტს, რომ ალიკა წლების წინ უკრაინაში წავიდა.
იგი პარტიზანულ ბრძოლაში იყო ჩართული და უკრაინაში მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა.
ნახეთ ვიდეო - რას ამბობენ ოჯახის ახლობლები