ცოცხალია და ოჯახთან კავშირზე გამოვიდა - სად იმყოფება ჯარისკაცი, რომელსაც "აზოვსტალის თვალებს" უწოდებენ

oresti

მარიუპოლის მცველი, "აზოველი" დმიტრი კაზაცკი ("ორესტი"), რომელიც "აზოვსტალის" ცნობილი ფოტოების ავტორია, ცოცხალია და 2 აგვისტოს ოჯახთან კავშირზე გამოვიდა - ინფორმაციას „რუსთავი2“  უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, როგორც მისმა ძმამ უთხრა, ის ამჟამად დროებით ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში იმყოფება და ჯანმრთელადაა. სატელეფონო  საუბრის დროს მას თან ახლდა ე.წ "გამომძიებელი".

"მე მას ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი რომ ძალიან მიყვარს. მან თქვა, რომ მასაც და ტირილი დაიწყო. მეც ავტირდი,"- ამბობს დარია.

მისი თქმით, ეს ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო, რადგან მისი ძმა ძალიან ძლიერია და ეს მისთვის ძალიან მძიმე იყო.

დმიტრი კაზაცკი მარიუპოლის დამცველთა პოლკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. ის არის "აზოვსტალის" ქარხნის საველე ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცების კადრების ავტორი, რომლებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მას "აზოვსტალის თვალებს" უწოდებდნენ. სწორედ კაზაცკიმ გაავრცელა "აზოვსტალის" ბოლო დღის ამსახველი კადრებიც.

თუმცა მხოლოდ ფოტოგრაფია არაა ის სფერო, რომლითაც "ორესტი"  საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დმიტრი კაზაცკი იყო ის ჯარისკაცი, რომელიც "აზოვსტალის" სარდაფში, ჭურვების აფეთქების ხმების ფონზე ასრულებდა ევროვიზიაზე გამარჯვებულ სიმღერას - "სტეფანიას". ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იგი 26 წლისაა, დაბადებულია ჟიტომირის რეგიონში ქალაქ მალინში. 2014 წელს იყო "ღირსების რევოლუციის" მონაწილე, 2015 წელს კი უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა, შემდეგ გადავიდა მარიუპოლის დამცველთა პოლკში.

"ორესტის" შესაძლო დაღუპვაზე უკრაინულ ტელეგრამარხებზე არაოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოკუპირებულ ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაში, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, "აზოველები" იმყოფებოდნენ, 28 ივლისს, ღამით აფეთქება მოხდა. დაიღუპა 50-მდე და დაიჭრა ათეულობით სამხედრო ტყვე. უკრაინული მხარის განცხადებით, კოლონია რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო დანაშაულის დაფარვის მიზნით ააფეთქეს.

წყარო: „რუსთავი2“