,,მთელი სოფელი ტირის... ბავშვები სტუმრად ჩამოვიდნენ და ეს ამბავი დატრიალდა" - ტრაგედია უჯარმაში

dzmebi

სოფელ უჯარმაში მდინარეში გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორის არხში, ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები გვიან ღამით, სამაშველო სამსახურმა იპოვა.

"გვიანობამდე მუშაობდნენ და იპოვეს. არხში გვირაბებია, ადრე გაბმული იყო რაღაც მავთულები, ახლა აღარ არის. ორი გვირაბი ჰქონდათ გავლილი და ნორიოსკენ, ახალსოფელთან იპოვეს. იქით წაიღო ორივე, დინებამ. საშინელება ხდება აქ, მთელი სოფელი ტირის. ბავშვები სტუმრად ჩამოვიდნენ და ეს ამბავი დატრიალდა. ბიჭები დარდობენ, ვისაც შეხვდნენ, ნეტავ შეგვეჩერებინაო. ეს ნათესავი რა დღეშია, ხომ წარმოგიდგენიათ", - თქვა ,,პრაიმტაიმთან" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტრეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორში, 16 და 20 წლის ძმები გუშინ გაუჩინარდნენ.

ერთ-ერთ ძმას, ხავსიან ნაპირზე ფეხი დაუცდა, მეორე კი მის საშველად გადახტა. ახალგაზრდები დედის მშობლიურ სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ.