პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 38 წლის რატი შურღაია ემსხვერპლა. ის დაახლოებით ერთი თვის წინ, იზიუმთან დაიჭრა და მკურნალობდა, თუმცა რამდენიმე დღეში, ვიდრე სრულად გამოჯანმრთელდებოდა, კლინიკის დატოვება და კვლავ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა გადაწყვიტა.
ჯანმრთელობის მდგომარეობა მორიგ ჯერზე მიღებული კონტუზიის ფონზე დამძიმდა და ქართველი მებრძოლი, საავადმყოფოში ხელახლა გადაყვანის შემდეგ, კიევში დაიღუპა.
ოკუპანტებთან შეტაკებების დღეს და კლინიკის დატოვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს რატი შურღაიას უკრაინელი თანამებრძოლი.
"მე არამხოლოდ ვიცნობდი, არამედ სულ მის გვერდით ვიყავი, ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. იზიუმთან აფეთქებების დროს ერთად ვიყავით, ის დაიჭრა და ძლიერი კონტუზია მიიღო. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, ძალიან მიჭირს მასზე საუბარი," - განაცხადა რატი შურღაიას თანამებრძოლმა ტარას გორობიოვსკიმ.
ახლობლების განცხადებით, მეომარი, მოძმე ერის მშვიდობის დაცვით, საკუთარი ქვეყნის ინტერესებსაც იცავდა.
ქართველი მეომრის დაღუპვას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო. საქართველოს კონსულის, ნანა ჩაბრავას თქმით, უკვე დაწყებულია პროცედურები, რათა ცხედარი სამშობლოში უმოკლეს დროში გადმოასვენონ.
უკრაინის ტერიტორიაზე, ომის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტებთან ბრძოლაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათ შორის არის ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენება მარიუპოლის ტერიტორიიდან რთული საომარი ვითარების გამო ისევ ვერ ხერხდება.