ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ მან გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ინტერვიუში კულება აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმების გასაფორმებლად განწყობილი არ არის. ის ასევე მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიევს იარაღის მიწოდებას შეუწყვეტს, არსებობს უკრაინის ფრონტის ხაზების ჩამოშლის საფრთხე.
„პუტინს კვლავ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება და უკრაინის როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიის დამარცხება და ის ფიქრობს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს დასავლეთის სისუსტის გამოააშკარავებისგან. უკრაინა პუტინის პირადი აკვიატებაა, თუმცა უკრაინის განადგურება ასევე ნიშნავს მისი დიდი მიზნის მიღწევას – აჩვენოს მსოფლიოს, რომ დასავლეთს არ შეუძლია საკუთარი თავის ან იმის დაცვა, რასაც მხარს უჭერს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის ყოფილმა დიპლომატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, განსაკუთრებით გერმანიის, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია. მან წუხილი გამოთქვა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა შეძლო ჩრდილოეთ კორეის მსგავსი მოკავშირეების პოვნა ჯარების გასაგზავნად, კიევის მოკავშირეები არათანმიმდევრულები და არასანდო არიან იარაღის მიწოდების საკითხში.
„ხალხი ევროპაში შეიძლება გაბრაზდეს ჩემზე, თუმცა მე მაინც ვიტყვი, რომ სიმართლე არის ის, რომ დღეს რუსეთს ჰყავს მეგობარი, რომელიც მზად არის გაგზავნოს სამხედროები რუსეთისთვის ომში დასაღუპად“, – თქვა კულებამ და აღნიშნა, რომ უკრაინის მეგობრები კი მას საჭირო იარაღსაც კი არ უგზავნიან.
ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს რამე პაქტს და მიიღოს ყირიმის ან დონბასის ანექსია.
„რუსები ინარჩუნებენ დონბასს, ინარჩუნებენ ყირიმს, არა ნატო-ში გაწევრიანებას, შეუძლია ზელენსკის ამაზე ხელმოწერა? არ შეუძლია კონსტიტუციის გამო. და იმის გამო, რომ ეს იქნება მისი პოლიტიკური დასასრული“, – განაცხადა კულებამ.
მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პირობებში ომი უფრო სწრაფად დასრულდება. უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან რადიოინტერვიუში მან თქვა: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ომი დიპლომატიური გზებით დასრულდეს მომავალ წელს“.