საომარ ვითარებაში ბრძანების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, უკრაინაში მეთაურებს ჯარისკაცების მოკვლის უფლება მიეცეთ - მედია

სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურებს, ბრძანების შეუსრულებლობის გამო, საომარ ვითარებაში შესაძლოა, ჯარისკაცების მოკვლის უფლება მიეცეთ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის რადაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურებს უფლებას მისცემს, გამოიყენონ იარაღი სასიკვდილოდ თავიანთი ქვეშევრდომების წინააღმდეგ, თუ ისინი თვითნებურად დატოვებენ დისლოკაციის ადგილს ან არ შეასრულებენ ბრძანებებს საომარი მდგომარეობის დროს და საბრძოლო ვითარებაში.

მოქმედი კანონმდებლობით, მეთაურებს საომარი მდგომარეობის დროს და საბრძოლო ვითარებაში უფლება აქვთ, გამოიყენონ იარაღი წესდების დამრღვევთა წინააღმდეგ იმ ფორმით, რომ არ გამოიწვიოს ჯარისკაცის სიკვდილი.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტის მიღებას, თუმცა ტექსტში მოითხოვა დაფიქსირება, რომ მეთაურის მიერ ქვეშევრდომის მოკვლის მიზნით იარაღის გამოყენება განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე რეალურად ემუქრება მეთაურის ან მისი ქვეშევრდომების სიცოცხლეს.