რუსული ოკუპაციის დაწყებამდეც ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში იყო. უხილავი და ხილული მტერი - უკრაინა ორ ფრონტზე იბრძვის

ბავშვი

სამხედრო ინტერვენციამ კორონავირუსი არამარტო უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში მეორე პლანზე გადაწია. მშვიდობიანი მოსახლეობა რუსულ ჭურვებს სარდაფებში, თავშესაფრებში და მეტროებში ემალება. ცდილობს, სხვა ქვეყანაში გადავიდეს. გრძელი რიგებია რკინიგზის სადგურებზე და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან. ადამიანები ცდილობენ გადარჩნენ და არც მოეთხოვებათ საომარ მდგომარეობაში მყოფებს დისტანციის დაცვა და პირბადე.

უკრაინის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც ყოველდღიურად ეპიდემიის მონიტორინგი ხორციელდებოდა, დღეს გათიშულია და ბოლოს სტატისტიკა საომარი მოქმედების დაწყებამდე გამოქვეყნდა. დღეს ცარიელია მსოფლიო მონაცემთა ბაზაში უკრაინული გვერდიც.

რუსული ოკუპაციის დაწყებამდეც კი ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში იყო. უხილავი და ხილული მტერი - უკრაინა ორ ფრონტზე იბრძვის. სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ უკრაინა შესაძლოა მძიმე ვირუსული ინფექციების გავრცელების კერა გახდეს.

პანდემიური მსოფლიოს დღის წესრიგი ახალმა გამოწვევამ ჩაანაცვლა - ახლა ყველასთვის მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს. მსოფლიოს კი, ბოლო მონაცემებით, ვირუსით 6 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და 500 მილიონამდე ინფიცირებული ჰყავს.