რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და იმავეს გაკეთება სურს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც - ბაიდენი

ჯო ბაიდენი

რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და იგივეს გაკეთება სურს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინს ჰყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ „რადგან ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“.

„დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა ცივი ომის დასრულებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიული ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნები ცნობილია – უპატივცემულობა კანონის უზენაესობისადმი, უპატივცემულობა დემოკრატიისადმი, უპატივცემულობა სიმართლისადმი.

დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც. ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზარალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის.

ეს ასევე არის უხამსობა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად იყო არჩეული. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა, პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.