ცნობილია, როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე
1734346164
რუსეთის დუმაში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რუსეთთან მიერთებას გულისხმობს. შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართაც მსგავსი სადამსჯელო ღონისძიება გამოიყენოს? - როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ამ საკითხს რუსეთი მუქარისთვის უკვე იყენებს. მისივე თქმით, რუსეთი უკანონოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ შემთხვევაში მიიერთებს, თუ ქვეყანა მის სურვილებს არ დაემორჩილება
"რუსეთი დუმაში რომ შევიდეს კანონპროექტი აფხაზეთის მიერთებასთან დაკავშირებით, ეს უახლოეს წლებში გამორიცხულია, რადგან პირველ ყოვლისა, აფხაზები ეწინააღმდეგებიან აღნიშნულს. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ აფხაზეთის საკითხი სხვაგვარად მოაგვაროს. კერძოდ, რა კანონებიც მიიღეს რუსეთში, იგივე გადმოაქვთ აფხაზეთში, ანუ ქმნიან ერთიან სამართლებრივ სივრცეს. გამოდის, რომ აფხაზეთის ნაბიჯ-ნაბიჯ ექსპანსია მიმდინარეობს. ერთ დღეს აფხაზები გაიღვიძებენ და ნახავენ, რომ ცხოვრობენ რუსეთში, სადაც აქვთ გარკვეული დემოკრატიული სიმბოლოები.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მის შესახებ რადაში კანონპროექტი უკვე შესულია. ეს არის მუდმივი დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე. ეს არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების გაფრთხილება, თუ თქვენ არასწორ ნაბიჯს გადადგამთ, მაშინ ჩვენ დუმის გადაწყვეტილებას დავეთანხმებით და სამხრეთ ოსეთს მივიერთებთ, ამჟამად საკითხი ამგვარად დგას“,- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი-უკრაინა ომის ზღვარზეა. უცხოური გამოცემები პირდაპირ წერენ, რომ რიგი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.
რა ხდება უკრაინასა და რუსეთს შორის?
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს ფაქტი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრის მზადებაზე მიუთითებდეს, რასაც რუსეთში უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.
2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ ვიდეო - ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები მოინახულა