ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაახლოებული პირების საქმე - ანდრია ლილუაშვილი სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა, ირაკლი ღარიბაშვილს კი 1-მილიონიანი გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა აქვს

მართლმსაჯულება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ნათესავი, ანდრია ლილუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნანა შამათავამ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, დაცვის მხარე ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი, ადვოკატმა მოსამართლეს 300 000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა.

ლილუაშვილის დაკავების დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყებაში განაცხადეს ისიც, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გარდა, პროკურატურა და სუსი შესაძლო ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტებსაც იკვლევს, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

პატიმრობაში რჩება გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის კიდევ ერთი წევრი – კობა ხუნდაძე, რომელსაც გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 94 კონვერტად დახარისხებული 1 300 000 აშშ დოლარი ამოიღეს.

ბრალი ოფიციალურად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაოს გადახდა დაეკისრა ყოფილ პრემიერს. ირაკლი ღარიბაშვილს დამატებით აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტიც. გამოძიებით დგინდება, რომ ექსპრემიერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, ფარულად იყო ჩართული ბიზნესში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს იღებდა. შავი ფულის გათეთრების მიზნით კი ქონებრივ დეკლარაციაში არასწორი ინფორმაცია შეჰქონდა.

ე.წ. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შესაძლო კორუფციულ სქემებზე ისინი წარსულშიც საუბრობდნენ.

მმართველი გუნდი გამოძიების შედეგებს ელოდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ვერც ერთი პროფესია თუ თანამდებობა ინდულგენცია ვერ გახდება.

ყოფილი მაღალი მაღალჩინოსნების - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან კავშირში მყოფი პირების სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. სუსისა და პროკურატურის ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფული, ოქრო, ძვირადღირებული ნაკეთობები და ელექტრონული მოწყობილობები. ე.წ. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.