რუსეთის რამდენიმე ოლქში უკრაინული დრონების შეტევა განხორციელდა

დრონები

რუსეთის რამდენიმე ოლქში უკრაინული დრონების შეტევა განხორციელდა. თავდასხმის ობიექტი გახდა სმოლენსკის ოლქი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თვითმხილველები აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ იუწყებიან. ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები მრავალსართულიანი სახლების სახურავებსა და ეზოებში ჩამოვარდა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი შენობის ფასადი აალდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. სავარაუდოდ, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე შეიძლებოდა ყოფილიყო სმოლენსკის საავიაციო ქარხანა, სადაც X-55 და X-59 რაკეტების წარმოება ხდება.

„ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოგერიების შესახებ.

„მიწაზე და ცალკეული შენობების სახურავებზე აღინიშნა სახურავების აალება დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები“, – დაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა.

ადგილზე მუშაობენ ოპერატიული სამსახურები, ანოხინის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

გავრცელებული ვიდეოები დრონების თავდასხმების შესახებ ობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე ანოხინმა „ყალბ ინფორმაციად“ მოიხსენია პანიკის გასაღვივებლად და სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

ვორონეჟის ოლქში კი დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე ლისკის რაიონში. ამის შესახებ განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა.

მისი თქმით, ხანძარი გამოიწვია უკრაინული დრონებიდან ერთ-ერთის ჩამოვარდნამ სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან. ამასთან, დრონების თავდასხმის საფრთხის გამო ორენბურგის მახლობლად მდებარე დახურული ქალაქის კომაროვსკის მცხოვრებლებს უახლოეს თავშესაფრებში ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

კომაროვსკი არის სამხედრო ქალაქი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების დაქვემდებარებაშია. 2024 წლის მდგომარეობით ქალაქში ექვს ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს ექვს რეგიონში. 22 დრონი ჩამოგდებულია ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 12 დრონი – როსტოვის ოლქში, ათი – სმოლენსკის, ექვსი – ვორონეჟის, ოთხი – სარატოვის ოლქში. ერთი დრონი გაანადგურეს კურსკის ოლქში.