პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიოს შეშფოთების ფონზე, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში უკვე განახორციელა. დაიბომბა უკრაინის საკონტროლო პუნქტები - აეროდრომები და სამხედრო შტაბები, საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. რუსეთის დაუოკებელ ჰეგემონობას უკვე შეეწირა უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე.
რა სცენარი შესაძლოა, განვითარდეს უკრაინაში
პოლიტიკის ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი უკრაინის მოქმედი ხელისუფლების გადაყენებაა და ამ გეგმას განახორციელებს.
„რუსეთი ანადგურებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას. ახლა პუტინი ელოდება, როგორ ჩამოიშლება უკრაინის მთავრობა, ამის შემდეგ უკრაინაში კრიზისი დაიწყება და იქ რუსეთის მიმართ ლოიალურ ხელისუფლებას დასვამენ. პუტინს უნდა უკრაინის დელიმიტარიზაციასა და დენაციფიკაცია, რაც უკრაინაში დღეს მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორებას ნიშნავს“,- განაცხადა ანჯაფარიძემ.
რა ბედი ეწევა საქართველოს
ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული მტრული მოქმედებები განახორციელოს.
„თუ რუსეთმა უკრაინაში საკუთარ მიზანს მიაღწია, მაშინ ის, დიდი ალბათობით, საქართველოს პირობებს წაუყენებს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. არ გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველოს ჭკუაზე მოსაყვანად, კონფლიქტურ ზონებში რუსეთის მიერ გარკვეული მტრული მოქმედებები განხორციელდეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკონტროლო პუნქტებზე სარაკეტო იერიშის მიტანის გადაწყვეტილება მიიღო.