"რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს... ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ" - მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანე

„მინდა, უკრაინის გამარჯვებები მოგილოცოთ იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე უკრაინაში, როგორც ჩვენ ვხედავთ, სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება მიმდინარეობს,” – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რა დროსაც უკრაინელი სამხედროების მიერ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას გამოეხმაურა.

ქადაგებისას მეუფემ აღნიშნა, რომ რუსეთი უსამართლოდ მოიქცა და ვერ გაიმარჯვებს. მისივე თქმით, ტყუილია, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის მომხრეა.

„მოგილოცოთ მინდა უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება.

მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ და შეუძლებელია ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რომ ვერ გაიმარჯვებს რუსეთი, იმიტომ, რომ უსამართლოდ და არასწორად (მოიქცა), როგორც ჩვენს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ.

სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ. როდესაც რუსეთი ჩვენ თავს დაგვესხა, ვინც მხარი დაგვიჭირა, თავისთავად ჩვენი სახელმწიფოს მხარდამჭერია და შესაბამისად, ჩვენც ყველას დავუჭერთ მხარს, ვის წინააღმდეგაც შეიარაღებული ძალებით შეიჭრებიან, დაბომბავენ და ხალხს დაუხოცავენ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. ღმერთმა გააძლიეროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი და მალე დაამთავროს ომი ისე, რომ ის უკრაინის საზღვრების აღდგენით დასრულდეს. სადაც უკრაინელები იყვნენ, იქ დაბრუნდნენ თავის საზღვრებში. უფალს ვთხოვოთ, ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ ჩვენც შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება…“,- აღნიშნა მეუფემ.