რუსებმა, სავარაუდოდ, დაიკავეს ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი, რაც დონბასში შეტევის შემდეგი ეტაპის წინასწარი ოპერაციაა - ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული ჯარები შეეცდებიან, გადაკვეთონ მდინარე სევერსკი დონეცი, დონეცკის რეგიონის სიღრმეში ქალაქ სლავიანსკსა და კრამატორსკში შესვლის პერსპექტივით. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების ყოველდღიურ ანგარიშში წერს.

„27 მაისის მდგომარეობით, რუსებმა სავარაუდოდ დაიკავეს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიმანის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, რაც სავარაუდოდ დონბასში რუსეთის შეტევის შემდეგი ეტაპის წინასწარი ოპერაციაა. ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქში განთავსებულია დიდი სარკინიგზო კვანძი, ასევე აქედან შესაძლებელია მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ მდებარე მნიშვნელოვან საგზაო და სარკინიგზო ხიდებზე წვდომა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რუსეთი წარმატებას თუ მიაღწევს ამ ტერიტორიების აღების კუთხით, მაშინ კრემლი ამას განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიღწევას და რუსი ხალხის წინაშე წარმოაჩენს მას, როგორც შეჭრის გამართლებას. მიუხედავად ამისა, უკრაინის არმია აგრძელებს ამ სექტორზე კარგად ორგანიზებულ თავდაცვის განხორციელებას და რუსეთის ჯარებისთვის მძიმე ზარალის მიყენებას“, – აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.