თუ ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თქვით ეს მკაფიოდ - ​ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი

„ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს. 

რამდენიმე კვირის წინ ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პარლამენტს მიმართა და უკრაინას ევროპული ოჯახის ნაწილი უწოდა, თუმცა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი უთქვამს. 

„მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუტემ მას უპასუხა, რომ ევროკავშირში არის უკრაინის ადგილი, მაგრამ ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ესმის, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება.