რუსები ადეკვატურად ვერ ხსნიან, რაში სჭირდებათ ეს ომი, რატომ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას - ზელენსკიმ ფინეთის მთავრობას მიმართა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ფინეთის მთავრობას მიმართა. მან სიტყვა კრამატორსკში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო.

მისივე თქმით, რუსები ადეკვატურად ვერ ხსნიან, რაში სჭირდებათ ეს ომი, რატომ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

„რუსმა სამხედროებმა ქალაქ კრამატორსკში სარკინიგზო ტერმინალს დაარტყეს. ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობა საევაკუაციო მატარებლებს ელოდებოდა, რათა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მათ ამ ხალხს დაარტყეს. არსებობენ მოწმეები, გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა. შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა, 300 დაშავდა. ეს ჩვეულებრივი ქალაქია უკრაინის აღმოსავლეთში.

ასე იქცევა რუსეთი დონბასშიც. ასე ესმის რუსეთს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა. რუსეთი მისი სამხედროების ყველა შესაძლო ძალით ემზადება აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად. ისინი აგრძელებენ აგრესიას უკრაინაში.

რუსები ადეკვატურად ვერ ხსნიან, რაში სჭირდებათ ეს ომი, რატომ ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენს ტერიტორიაზე 200 ათასზე მეტი ოკუპანტია. ბევრი ადამიანი ქვეყნიდან გარბის, თუმცა უმეტესობა აგრძელებს ბრძოლას. სასტიკი ომი მძვინვარებს, კითხვა გვიჩნდება, საერთოდ არიან თუ არა ისინი ადამიანები. გუშინ რუსულმა სამხედროებმა კახოვკაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. ისინი იმავეს გააკეთებენ თქვენს ქალაქებშიც, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნის ქალაქებში, სადაც ამას რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება. ეს ომი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი, არამედ ყველასთვის," - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.