რეზნიკოვი ამბობს, რომ არახამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველად ესმის

reznikovi

უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომ რეზნიკოვი გადაჰყავთ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „ფაქტი“-ს უთხრა, რომ ეს პირველად ესმის, პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, თანამდებობიდან თავდაცვის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს და ნებისმიერი ახალი მინისტრის დანიშვნის პროცედურაც კანონითაა გაწერილი.

რეზნიკოვის თქმით, მთავრობის შიგნით ერთი მინისტრის მეორე მინისტრად გადაყვანის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით.

ცნობისთვის, დავით არახამიამ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა რომ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებს და სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლებს.

"ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში", - აცხადებს არახამია.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც ამჟამად სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

არახამიას ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი - ვასილი მალიუკი.