რას ჰყვება რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალელი“, რომელსაც ოპერაცია ქლიბით გაუკეთეს

აზოვსტალელი

უკრაინამ მოახერხა 215 უკრაინელი დამცველის გაცვლა, მათ შორის არის აზოვის პოლკის 108 მებრძოლი. გათავისუფლებულთა შორის არის საზღვაო ქვეითი მიხეილ დიანოვი, რომელსაც რუსები ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველს. გათავისუფლების შემდეგ მიხეილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

„ისინი ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს, შეუძლებელი იყო ჭამა, 30 წამი მოგვცეს საჭმელად. 30 წამში ყველაფერი უნდა გვეჭამა, რაც შესაძლებელი იყო. პური შეგნებულად ძალიან მძიმე იყო, ბიჭებს კბილები ამოგლიჯეს. ჭამის დრო არ მქონდა. 30 წამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა ადგე და გაიქცე. სულ ასე იყო", - ამბობს მიხეილ დიანოვი.

ჯარისკაცმა ასევე აღწერა, თუ როგორ ყრიდნენ პატიმრებს სამარტოო საკანში და აწამებდნენ იმის გამო, რომ მიწიდან კენკრას კრეფდნენ და ჭამდნენ. მათ ჯოხებით სცემდნენ, ელექტროშოკერებს იყენებდნენ და ფრჩხილების ქვეშ ნემსებს უკეთებდნენ.

„დამიჯერე, ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ, როცა თვალებს დახუჭავ, ივიწყებ ოჯახს, ქვეყანას, ყველაფერს. ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, არის საკვები“, - ამბობს ის.

როგორც მიხეილი ამბობს, ოკუპანტებს ციხეში იმაზე მეტი ხალხი ჰყავდათ, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, მაგალითად ერთ ბლოკში 150 კაცის ნაცვლად, 800. მუდმივ ხალხმრავლობაში ყოფნის გამო მიხეილს პრობლემები შეექმნა და ახლა სიარული უჭირს. მან 40 კილო დაიკლო.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტები ტყვეებს საჭირო სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. ჩაბარების დროს დიანოვს მარჯვენა ხელი მოტყდა, რუსებმა კი მას ოპერაცია ქლიბით და ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს. ამის გამო მას ძვალი ნახევრად დაუზიანდა. ახლა მიხეილს 20 კგ-ის მომატება სჭირდება.

„ყველა დაშავებულია, თავს ფსიქიკურად ძლიერ ადამიანად ვთვლი, მაგრამ ჩემთვის ბევრმა რამემ დაკარგა ღირებულება", - ამბობს მიხეილი.