რა ტიპის ბარათია "მირი" და სად არის შესაძლებელი მისი გამოყენება? - ნახეთ, რუსული ბარათის "შესაძლებლობები"

miri

6 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ Visa და Mastercard-ის ბარათების გამოყენება აიკრძალა, ხოლო რუსეთში ბარათები ექსპლუატაციაში მანამ დარჩება, სანამ მოქმედების ვადა არ ამოეწურება. 

"Visa-მ და Mastercard-მა რუსული აგრესიის მიმართ პროტესტის ნიშნად ამ ბარათების მოქმედება შეაჩერეს. რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით, 90 პროცენტს კი სწორედ ამ ტიპის საბარათე ანგარიშები აქვთ. 

რუსეთმა გამოსავლის ძებნა დაიწყო და გადაწყვიტა, ჩინურ კომპანიასთან China Union Pay-თან ერთად, რომელიც მხოლოდ ბარათებს ამზადებს, თანამშრომლობის გზით, ჩინურ საბანკო სისტემაზე გადაეწყოს. 

ასევე, არის საფინანსო ელექტრონული სისტემის ინსტიტუტი "მირი" და ერთად, კოლაბორაციით გამოსავლის ძებნას ცდილობენ. "მირი" სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ესენია: სომხეთი, თურქეთი, ე.წ. სამხ. ოსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი. 

შესაძლოა, "მირის" გამოყენება იყოს ეფექტური, თუმცა ვერ აჩვენებს იმ მასშტაბის ეფექტურობას, როგორსაც  Visa-ს და Mastercard-ის ბარათები აჩვენებს. 

ბოლო რამდენიმე დღეში, საქართველოში "მირის" გამოყენების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა ტრანზაქციები ვერ ხორციელდება." - ამბობს სანდრო სანაია ღამი კურიერში. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. 

ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა.

"პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რომელ საერთაშორისო და დიდ კომპანიებში გამოიყენება ბარათი "მირი", ასეთი მხოლოდ ერთ-ერთი სავაჭრო პლატფორმა AliExpress-ია, რომელიც ჩინური გიგანტური კომპანიაა და მისი პროდუქციით მთელი მსოფლიოდან სარგებლობენ. 

რაც შეეხება Ebay-ს Amazon-ს Glovo-ს Pegasus-ს Georgian Airways-ს El Al Israel Airlines-ს , Wizzair-ს, flydubai-ს  არცერთ ამ კომპანიაში რუსული ბარათი "მირი" არ გამოიყენება.