ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს

ბექა ჯაიანი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, უცვლელად ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.