1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, დასავლურმა სამყარომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დაამტკიცა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატების შავ სიაში შეყვანასა და ევროკავშირის ფინანსურ ბაზარში რუსეთის წვდომის შეზღუდვასაც გულისხმობს.
რამდენად დამაზიანებელი იქნება მიღებული სანქციების პაკეტი რუსეთის ეკონომიკისთვის და არის თუ არა დასავლეთის მიერ მიღებული ზომები რუსეთის ჰეგემონობის შეჩერების წინაპირობა? - როგორც ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მიღებული სანქციები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან აღნიშნული მას ეკონომიკურად ვერ დააზიანებს.
„დაწესებული სანქციები რუსეთის მოქმედების პროპორციული და ადეკვატური ნამდვილად არ არის. დასავლელი სამყაროს მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთის ეკონომიკას ვერ დააზიანებს და პუტინს არ აიძულებს, რომ უკან დახევის მიზნით, უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს. ყველამ კარგად იცის, რომ ძირითადად, რუსეთის ეკონომიკა ენერგო მატარებლებზე და სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე დგას“, - განაცხადა ცომაიამ.
რა უნდა გაკეთდეს რუსეთის შესაჩერებლად? - ცომაიას განცხადებით, დასავლურმა სამყარომ რუსეთის წინააღმდეგ შემდეგი ზომები უნდა მიიღოს:
„რუსეთს სრულმასშტაბიანი ემბარგო შეაჩერებს და როგორც ვიცით, აღნიშნული სანქცია ირანისა და ერაყის მიმართ არის გამოყენებული. რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს მსოფლიოში ენერგომატარებლებისა და სხვა რესურსების რეალიზება, ამასთან სამხედრო ტექნიკის გაყიდვაც. ასევე, არა მხოლოდ ორი რუსული ბანკის მიმართ უნდა დაწესდეს სანქციები, არამედ დანარჩენი ქვეყნებისთვის მთლიანად რუსეთის საფინანსო სისტემა უნდა ჩაიხსნას. სწორედ, ეს სანქციები იქნება აღქმული ადეკვატურ ზომად. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ გაჩერდება“,- განაცხადა ცომაიამ.
რა სანქციები დაუწესა ევროკავშირმა რუსეთს
რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს.
შავ სიაში მოხდა 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკები და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.
ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირის ფინანსური ბაზრისკენ რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესახებ.
რა სანქციებს უწესებს ამერიკა რუსეთს - ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განმარტება:
„სანქციები უწესდება ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს: VEB-სა და სამხედრო ბანკს. ყოვლისმომცველ სანქციებს ვუწესებთ რუსეთის სუვერენულ ვალს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. იგი ვეღარ შეძლებს ფულის მოზიდვას დასავლეთიდან. ჩვენ ასევე დავუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს“,- განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა.