1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინამ მოახერხა 215 უკრაინელი დამცველის გაცვლა, მათ შორის არის აზოვის პოლკის 108 მებრძოლი. გათავისუფლებულთა შორის არის დიმიტრი „ორესტი“ კოზაცკი, რომელიც სხვებთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში იყო დატყვევებული რუსეთის მიერ.
დიმიტრი კოზაცკის დედამ, ირინა იურჩენკომ ისაუბრა, რა მდგომარეობაშია ახლა მისი შვილი და ტყვეობის შემდეგ პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებები გაიხსენა.
ქალი ამბობს, რომ ბოლო დღეებში საოცრად ამაღლებულ განწყობაზეა.
„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკრაინის ბრძოლა და განთავისუფლება გრძელდება. ჩავეხუტეთ დიმას, ისეთი შეხვედრა იყო! ძალიან მეშინოდა, რომ შეცვლილიყო, მოვლენებს არ გაეტეხა, მაგრამ არა! ხალხი და ჩვენი ჯარისკაცები ურღვევები არიან.
მან წონაში 55 კილოგრამამდე დაიკლო, შეხვედრის დროს თითქმის ერთი საათი არ ლაპარაკობდა, რადგან ტყვეობაში ამ ოთხი თვის განმავლობაში არ აძლევდნენ კომუნიკაციის საშუალებას. ემოციების წარმოუდგენელ მოზღვავებას განვიცდი და მინდა, რომ ყველა დედამ, ჩვენი ქვეყნის ყველა ოჯახმა იგრძნოს იგივე“, - თქვა ორესტის დედამ.
შვილის ტყვეობაში ცხოვრების დეტალებთან დაკავშირებით, ირინამ თქვა, რომ ის და დიმიტრი თითქმის არ საუბრობდნენ ამ მომენტებზე, მაგრამ მან დედას რამდენიმე მოგონება გაუზიარა. მისი თქმით, დამცველები გადაურჩნენ შიმშილს, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას.
„მას მისცეს პურის ნაჭერი და ის სამ ნაწილად დაყო დღის განმავლობაში საჭმელად. ეს მხოლოდ 21-ე საუკუნის საშინელებაა. მან თქვა, რომ 10 დღე არ აძლევდნენ წყლის დალევის საშუალებას. ის ამბობს, რომ ამიერიდან დააფასებს პურის თითოეულ ნაჭერს და საერთოდ საჭმელს. ტყვეობის დროს ბიბლიას კითხულობდა და მითხრა: „დედა, ახლა ვიცი, რასაც გვასწავლი. ჩუმად ვკითხულობდი მამაო ჩვენოს, ვლოცულობდი და ვესაუბრებოდი ღმერთს“, - თქვა ირინამ.
უკრაინელი მცველები უკვე ქვეყანაში არიან, ახლა კი რეაბილიტაციას გადიან.
ირინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შვილი ისევ ფოტოგრაფიაში დაბრუნებაზე ოცნებობს და ამბობს, რომ უნდა გააგრძელოს ცხოვრება და მუშაობა.
26 წლის კოზაცკი ჟიტომირის რაიონში დაიბადა. ის 2014 წელს, ღირსების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის დასაცავად წავიდა. 2015 წლიდან მარიუპოლში მსახურობდა, 2017 წელს კი აზოვის პოლკს შეუერთდა.
ის მარიუპოლის დაჭრილი დამცველების პორტრეტებისა და აზოვსტალში სინათლის სხივის პირისპირ მდგარი მებრძოლის ფოტოს ავტორია.