პრეზიდენტი ზელენსკი გრემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 64-ე გრემის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ვიდეო გაგზავნა.

„ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ახლა ჯავშანს ატარებენ. ისინი მღერიან დაჭრილებისთვის... საავადმყოფოებში", - თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაშავდა 400-ზე მეტი ბავშვი და დაიღუპა 153 ბავშვი.

„ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა ვარსკვლავებს“.

პრეზიდენტმა მოუწოდა მუსიკოსებს არ გაჩუმდნენ, არამედ ისაუბრონ ომზე ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხით.

„სიმართლე თქვით ომზე. თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზორში, ყველანაირად დაგვიჭირეთ მხარი. ოღონდ ნუ გაჩუმდებით და მაშინ მშვიდობა მოვა. ჩვენი ყველა ქალაქი ომმა გაანადგურა - ჩერნიგოვი, ხარკოვი, ვოლნოვახა, მარიუპოლი და სხვები. ისინი უკვე ლეგენდები არიან. მაგრამ მე მაქვს ოცნება, რომ ადამიანებმა ისევ იცხოვრონ და იყვნენ თავისუფლები, ისევე თავისუფლები, როგორც თქვენ ხართ გრემის სცენაზე“, - მოუწოდა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა, უკრაინელმა არტისტებმა ლიუბოვ იაკიმჩუკმა, მიკა ნიუტონმა და სუზანა იგიდანმა იმღერეს სიმღერა Free.

შეგახსენებთ, რომ ადრე ოსკარის ცერემონიაზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს, თუმცა ბევრმა ვარსკვლავმა ორგანიზატორებს უკრაინის პრეზიდენტის მოწვევისკენ მოუწოდა.