1738486110
პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მათ შორის ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის ერთი ბავშვია. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 16 ადამიანი, რომელთა შორის არიან 3 თვის, 2, 8 და 12 წლის ბავშვები.
მაშველებმა 22 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
პოლტავაში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში 1 თებერვალს, გამთენიისას მიიტანეს. შედეგად შენობა ფაქტობრივად, სრულად დაინგრა. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწისძვრაც დაფიქსირდა, რომლის სიმძრლავრე 3,67 მაგნიტუდა იყო.