პოლონეთის პრემიერი: ჩვენს ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს

 მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს, -  ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მატეუშ მორავეცკიმ ლვოვში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლონეთი უკვე მკურნალობს რამდენიმე ათეულ უკრაინელ ჯარისკაცს და მზად არის უფრო მეტი მიიღოს.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, სულ მცირე, 10 000 ჯარისკაცი, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინიდან ყველა დაშავებული ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.