მზად ვართ, შემოგთავაზოთ პლატფორმა, მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია - ერდოღანი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე

ერდოღანი

დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეების მიუხედავად, ანკარა უკრაინისა და რუსეთისთვის დიპლომატიური პლატფორმის შეთავაზებისთვის კვლავ მზად არის, ამის შესახებ მან ნიდერლანდების პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჰუმანიტარული ტრაგედია უკრაინაში სულ უფრო იზრდება. ათასობით ადამიანი დაიღუპა, 3 მილიონამდე ლტოლვილად იქცა და მეზობელ ქვეყანაში იპოვა თავშესაფარი.

ჩვენ ინტენსიურ დიპლომატიას ვაწარმოებთ. მე განვაგრძობ კონტაქტს ბატონ ზელენსკისა და ბატონ პუტინთან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას გამართა შეხვედრები თავის კოლეგებთან მოსკოვსა და ლვოლვში.

ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს, განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, შემოგთავაზოთ პლატფორმა. ჩვენ საქმის კურსში ვართ პირობებთან დაკავშირებულ სირთულეებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია“, - განაცხადა ერდოღანმა.

პუტინის განკარგულებით, უკრაინაში შექმნილ საშინელ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება მარკ რუტემ.

„უკრაინაში შეჭრით, პუტინმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს სრულიად მიუღებელია. ძალადობა, რომლის წინაშეც უკრაინა პუტინის განკარგულებით აღმოჩნდა, უმოწყალოა და მრავალი მშვიდობიანი მსხვერპლი მოყვა.

ამის მტკიცებულებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. თუნდაც, მარიუპოლის განურჩეველი დაბომბვა ავიღოთ, თავდასხმა, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება იყო.

ჩვენ დავგმეთ რუსეთის შეჭრა. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, ეს ძლიერი დარტყმაა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და მე სრულად ვეთანხმები ამას. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კონფლიქტში“, - განაცხადა რუტემ.