დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვიხილეთ, რუსეთის არმიის დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ვარშავაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ლიზ ტრასსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, მარიუპოლში კიდევ უფრო უარესი ვითარებაა იმასთან შედარებით, რაც ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში არის.
ამასთან, კულება საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ.
"ის საშინელებები, რაც ბუჩაში ვიხილეთ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. მე შემიძლია გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუმცა უდიდესი მწუხარებით, რომ სიტუაცია მარიუპოლში კიდევ უფრო უარესია იმასთან შედარებით, რაც ბუჩაში და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში ვიხილეთ, სანახევრო ზომები აღარ არის საკმარისი. ბუჩას მსხვერპლისა და უკრაინელი ხალხის სახელით მოვითხოვ ჩვენი პარტნიორებისგან, მიიღონ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში. ეს არ არის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნა. ეს არის გაუპატიურების, წამების, მკვლელობების მსხვერპლთა, მათი ნათესავების, მთელი უკრაინელი ერის ვედრება," - განაცხადა დმიტრო კულებამ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის თქმით, პარტნიორებმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა უნდა გამოაცხადონ.
"ჩვენ, ყველა შეძრულები ვართ ბუჩაში მომხდარით. სასაკლაო, სექსუალური დანაშაულის მკაფიოდ მტკიცებულება, უდანაშაულო მოქალაქეების სამიზნეში ამოღება, ძალიან ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ვმუშაობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, ჩვენ გამოვყოფთ სახსრებს, პოლიცია იძიებს ამ დანაშაულებს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე.
რაც შეეხება გენოციდის საკითხს, ეს სასამართლომ უნდა განსაზღვროს. თუმცა, მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს მაქსიმალური მიდგომა სანქციებთან დაკავშირებით. პუტინი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში დიდი შვიდეულისა და NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მკაცრი სანქციების ახალი ტალღა. რეალობა არის ის, რომ ფული დასავლეთიდან კვლავ მიედინება პუტინის ომის მანქანაში და ეს უნდა შეჩერდეს," - აღნიშნა ლიზ ტრასმა.