მარიუპოლის საბჭო: რუსეთმა ქალაქში ნაცისტურ გერმანიაზე 2-ჯერ მეტი ადამიანი დახოცა

მარიუპოლი

მარიუპოლის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა ქალაქში იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი დახოცა, ვიდრე ნაცისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს.

მარიუპოლის საბჭო გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს 2 თვეში 10 ათასი მოქალაქე მოკლეს, რუსებმა კი, სულ მცირე, 20 ათასი, ხოლო 40 ათასი ადამიანს იძულებით დაატოვებინეს საცხოვრებელი.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, რუსებმა მარიუპოლელების იძულებით დეპორტაცია მოახდინეს, ისე, როგორც ამას ჰიტლერის ჯარისკაცები აკეთებდნენ.

"ეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდია თანამედროვე ისტორიაში. რუსულმა არმიამ მიზანში ამოიღო და უმოწყალოდ ანადგურებს ჩვენს ქალაქს და მის მცხოვრებლებს". - აცხადებს ბოიჩენკო.

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია.

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მარიუპოლთან მხოლოდ 20 კილომეტრით მიახლოებას ახერხებენ.

მარიუპოლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქი დაუცველია ეპიდემიების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ მარიუპოლში საშინელი სანიტარული პირობებია და ათასობით ცხედარი შეუგროვებელი რჩება.

ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ეშერიხია კოლის საშიშროება.

რუსულმა ძალებმა დაიკავეს მთლიანი მარიუპოლი. ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც აზოვის ბატალიონი და უკრაინის საზღვაო ქვეითი ბრიგადის 36-ე არმიაა განლაგებული. 3 დღის განმავლობაში რუსეთი აზოვსტალის აღებას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. მათ გაანადგურეს ქარხანა, თუმცა, ვერ შეძლეს მისი გვირაბების აღება.

აზოვსტალის ქარხანაში თავს, ბოლო ინფორმაციით, 2 ათასამდე ადამიანი აფარებს, მათ შორის, ბავშვები, ქალები და მოხუცები. ბევრია დაჭრილი.

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს.