ემოციური ისტორია 12 წლის გოგოზე კიევიდან, რომელიც ომის გამო ქიმიოთერაპიის კურსს ვეღარ გადის - ამბავს ოლენა ზელენსკა გვიყვება

უკრაინელი გოგონა

უკვე მე-18 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინელები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან. ოკუპანტების ქმედებების გამო ხალხი თავს სარდაფებსა და მეტროებს აფარებს.

სარდაფში იმყოფება 12 წლის მოცეკვავე გოგო კიევიდან, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა და სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი დაავადების დამარცხებამდე იქამდე, სანამ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტდა.

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკი გოგონას შესახებ ჰყვება და მის ისტორიას ხალხს უზიარებს.

„ეს არის ანა, 12 წლის მოცეკვავე კიევიდან, ბებიასთან, ტატიანასთან ერთად. მან ოქროსფერი თმა ლეიკემიასთან ბრძოლისას დაკარგა. ის გამარჯვებასთან ახლოს იყო - მხოლოდ სამი ქიმიოთერაპიის სეანსი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.

ომმა საფრთხე შეუქმნა ასობით ახალგაზრდა პაციენტის მკურნალობას, როგორიცაა ანა. ექიმების გმირობის მიუხედავად, სარდაფებში და სათანადო მედიკამენტების არარსებობის პირობებში, ამ დაავადების დაძლევა ძალიან რთულია.

ანა და მისნაირი 100-ზე მეტი ბავშვი კიევიდან, ხარკოვიდან, ჟიტომირიდან, ჩერკასიდან, ხმელნიცკიდან ევაკუირებული იქნა ლვოვში დასავლეთ უკრაინის სპეციალიზებულ ბავშვთა სამედიცინო ცენტრში.

ახლა იქ იღებენ ახალგაზრდა პაციენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასტაბილურებენ მათ მდგომარეობას და აგზავნიან შემდგომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მე მადლობელი ვარ ექიმების, რომ ზრუნავენ ჩვენს შვილებზე ყველასთვის ასეთ რთულ პერიოდში.

სამედიცინო „სიცოცხლის კოლონამ“, რომელსაც თან ახლდა 12 სასწრაფო დახმარების მანქანა უკრაინულ-პოლონური სამედიცინო ჯგუფთან ერთად, კიდევ 58 ახალგაზრდა პაციენტი ნათესავებთან ერთად პოლონეთში სპეციალურად შექმნილ კლინიკაში Unicorn-ში წაიყვანა. გარდა ამისა, ჩვენს ბავშვებს ელიან საუკეთესო კლინიკები და ექიმები მსოფლიოში.

წინ კიდევ ბევრი ასეთი „სიცოცხლის კოლონა“ გველის. დაავადება და ომი უკან დაიხევს.  ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიცოცხლე გაიმარჯვებს“,- წერს ოლენა ზელენსკა.