კრემლი: რუსებს „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები“ ნებართვის გარეშე

აქცია რუსეთში

კრემლში ამბობენ, რომ რუსებს „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები“ ნებართვის გარეშე

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები“ წინასწარი ნებართვის მიღების გარეშე. ამის შესახებ CNN წერს.

„კანონის მიხედვით, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, ამ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები თავიანთი აზრის გამოხატვის მიზნით“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უცხოელ ჟურნალისტებთან საკონფერენციო ზარის დროს.

რუსეთის კანონმდებლობით, მასობრივი დემონსტრაციები მომიტინგეებს ავალდებულებს ნებართვა მიიღონ  ღონისძიებამდე არაუმეტეს 15, მაგრამ არანაკლებ 10 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმები და პატიმრობაც კი.

ცალკეულ პირებს უფლება აქვთ ჩაატარონ ცალმხრივი „ერთჯერადი პიკეტი“.

როგორც CNN-ი წერს, პესკოვმა აღიარა, რომ მთავრობას სჭირდება „უკეთ აუხსნას მოქალაქეებს სპეციალური ოპერაციის მოტივი“. მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის მომხრე უფრო მეტი რუსი იყო, ვიდრე წინააღმდეგი.

„პრეზიდენტი ისმენს ყველას აზრს და ესმის მათი პროპორციები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს და ვინც თანაუგრძნობს ასეთ აუცილებელ ოპერაციებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ასობით მომიტინგე პოლიციამ დააკავა ხუთშაბათს ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს.