კილომეტრიანი კორიდორი ანთებული სანთლებით უკრაინაში დაღუპული გმირებისთვის - რა ხდებოდა აეროპორტის გზაზე

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში გმირებს ოჯახის წევრები, ახლობლები, საპატიო ყარაული, საქართველოს პრეზიდენტი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

მოქალაქეები, რომლებიც საქართველო-უკრაინის დროშებითა და ანთებული სანთლებით იყვნენ მისულები, კორიდორი მოაწყვეს და შეძახილებით გააცილეს გმირები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. როგორც ცნობილია, ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, მარიუპოლში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა. მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხი ჯერ უცნობია.