ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა დაადასტურეს მზაობა, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს

ბაიდენი და ჯონსონი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე დიპლომატიური ჩართულობის საკითხი განიხილეს.

ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„ლიდერებმა საუბრის დროს ასევე განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციას აირჩევს",- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს „რუსეთისთვის ხანგრძლივს კრიზისს, რაც დიდ ზიანს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე მსოფლიოს".